პარტია „ქართული დასის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული
ბოლო კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს NDI-ს ოფისთან აქცია-ბრიფინგი გამართეს და „ქართული დასის“ მიერ ჩატარებული „სოციოლოგიური კვლევის რეალური შედეგების“ პრეზენტაცია გამართეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სიის მესამე ნომერმა ირაკლი ქარდავამ აღნიშნა, „ქართული დასი“ NDI-ის მიმართ ღრმა პატივისცემას გამოხატავს, რადგან ინსტიტუტს ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა აქვს ჩატარებული, თუმცა, ამევე დროს, ქარდავას განცხადებით, ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგები საზოგადოების განწყობას არ შეესაბამება.
მისი თქმით, NDI-ის კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37%, ხოლო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ 12% უჭერს მხარს.
„შედეგებში სხვა პარტიები არ არიან წარმოდგენილნი, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ. „ქართულმა დასმა“ დაახლოებით, ორი თვის წინ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის დროსაც 3 200 მოქალაქე გამოიკითხა. NDI-სგან მსგავსი შედეგების წარდგენას ველოდებოდით, ამიტომ, მათ პასუხი დავახვედრეთ“ - განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, „ქართული დასის“ გამოკითხვა ორი მომართულებით ჩატარდა.
„ქართული დასის“ სოციოლოგიური გამოკითხვაში, კითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ -გამოკითხულთა 43% ხმას „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 24,2% - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ დასს“ – 8,3%, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ – 1,2%, გამოკითხულთა 18%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა - 5,3% მისცემდა ხმას.
კითხვაზე - „ვის აირჩევდით საბურთალოს მაჟორიტარად?“ - გამოკითხულთა 54,3%-მა „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია დაასახელა, 18,2%-მა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანდრია ურუშაძე, სხვა კანდიდატს გამოკითხულთა - 12,8% აირჩევდა, ხოლო პასუხისგან თავი - 14,7%-მა შეიკავა.
ქარდავას განცხადებით, გამოკითხვის ჩატარებიდან ორი თვე გავიდა, „ქართული დასის“ რეიტინგი კი, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ გაერთიენაბის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
NDI-იმ სოციოლოგიური აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია 7 სექტემბერს გამართა. კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.
