კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ რომ 8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული ყრილობა მცირერიცხოვანი იყო.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყრილობით თავისი ამომრჩეველი აღრიცხა. თუმცა, თბილისში საკუთარი მხარდამჭრები ქუჩაში არ გამოუყვანია.
პრესსპიკერის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიცხვი თბილისში ძალიან მცირეა და ამის გამო, პარტიამ ყრილობა სპორტის სასახლეში ჩაატარა.
მისივე თქმით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პირველი აქცია გამართა, მათი რაოდენობა საკმაოდ აღემატებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭეთა რიცხვს.
ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ 29 სექტემბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ შემაჯამებელ აქციას გამართავს, მათი მხარდამჭერთა რიცხვი სამჯერ მეტი იქნება.
ამასთან, ფანჯიკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა რიტორიკას სიძულვილის ენა უწოდა.
„რაც შეეხება მათ რიტორიკას, თავს შევიკავებთ შეფასებისგან, თუმცა, მათგან არაერთხელ მოგვისმენია სიძულვილით აღსავსე სიტყვები. სწორედ, ეს არის ლენინიზმი. ბოლშევიზმის გამოვლინება. საგანგაშოა, როდესაც ხელისუფლება ერთი კონკრეტული კლასის განადგურებას ცდილობს“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
