პრემიერ-მინისტრი ყურძნის ჩაბარების პროცესში მონაწილე კერძო კომპანიებს ესტუმრა
პრემიერ-მინისტრი ყურძნის ჩაბარების პროცესში მონაწილე კერძო კომპანიებს ესტუმრა
11:14 10.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესში მონაწილე კერძო კომპანიების „თელავის ღვინის მარნის" და „თელიანი ველის" ღვინის ქარხნებს ესტუმრა.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი „თელავის ღვინის მარანში“ მივიდა, რომელიც დღეში საშუალოდ 100 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 4 ათასი ტონის მიღებას გეგმავს.

მარანში ვანო მერაბიშვილი დასათვალიერებლად მისულ უცხოელ ტურისტებსაც გაესაუბრა და საქართველოში მათი მოგზაურობის გეგმებით დაინტერესდა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი „თელიანი ველის" ღვინის ქარხანაში მივიდა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. აღნიშნული კომპანია დღეში 50-80 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 1 400 ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.

ვანო მერაბიშვილმა „თელიანი ველის" მარანიც დაათვალიერა, სადაც კომპანიის მიერ გამოშვებული ღვინო დააგემოვნა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა და აღნიშნული ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შედეგად, მარტო ღვინის ტურიზმის კუთხით კახეთს წელიწადში 2-3 მლნ ტურისტი ეწვევა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნას გაზრდის.

ბეჭდვა