ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეალური დებატების მოწყობას სთხოვს
ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეალური დებატების მოწყობას სთხოვს
10:20 10.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას სატელევიზიო დებატებზე უარი არ უთქვამს - ამის შესახებ მან თელავში, გუშინ გამართული აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მე დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ, ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველაზე მეტად მოეთხოვება, რამდენადაც, ფორმალურად ის საზოგადოებრივია . მე არა თუ უარი ვთქვი, არამედ მოვითხოვ, რომ რეალური დებატები გამართონ და ამაში ხალხს მიაღებინონ მონაწილეობა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში დასახელებული კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს.

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული დებატების ფორმატი მიუღებელი და აბსურდულია.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატების ფარგლებში, პირველი ეთერი გუშინ შედგა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მონაწილეობდნენ. მასში მონაწილეობა არ მიუღია ბიძინა ივანიშვილს.


ბეჭდვა