ივანიშვილი ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
ივანიშვილი ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
19:50 09.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში შეკრებილ მხარდამჭერებს კოალიციის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნო.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, კახეთი ოდითგანვე საქართველოს ბეღელი იყო, პურ-ღვინოც საკუთარი ჰქონდა და ხორბალიც, თუმცა, ახლა ხორბალი საქართველოს უცხოეთიდან შემოაქვს,საკუთარი უნიკალური ჯიშის ხორბალზე უარი თქვა.

„ჩვენ ამასაც მივხედავთ, თელავში, ლაგოდეხში, სიღნაღსა და სხვა რაიონებში ადვილად შეიძლება განვითარდეს ეთერზეთების წარმოებაც, აბრეშუმის, სამკურნალო მცენარეების, მიწის თხილისა და სხვა მრავალი კულტურების მოშენება და მომგებიან მეურნეობად გადაქცევა. უამრავი საშუალო და წვრილი გადამამუშავებელი ქარხნები გაკეთდება და ეს მოგვცემს საშუალებას მასიურად დასაქმდეს ჩვენი ხალხი“- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება ხელისუფლებამ გადაწერა, ოთხზე გაამრავლა და თითქოს ახლა ოპოზიციაშია, ქვეყნის განვითარების ხედვას ახლებურად წარმოადგენს.

„ისინი თუ პატიოსნები არიან, გამოვიდნენ და 2013 წლის ბიუჯეტი გვაჩვენონ, რომელ დაპირებებზეა საუბარი, 8 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და ახლა 2013 წლის ბიუჯეტით ტრაბახობენ, რომელსაც მალავენ. გვაჩვენონ ბიუჯეტი, რომელიც გაპარტახებულია და ახალ ტყუილებს ნუ იძახიან“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა