კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მთელი საქართველო ერთი თვითმარქვია არქიტექტორის ასპარეზადაა ქცეული.
როგორც მან თელავში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ეს ქალაქი ისე გადათხარა, რომ აქციისთვის ადგილის გამოძებნა ძლივს მოხერხდა. მისივე თქმით, ასევეა გადათხრილი თითქმის მთელი საქართველო.
„როგორ შეიძლება ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ შენების წინააღმდეგ იყოს ვინმე, მაგრამ როცა ხედავ როგორ ზიანდება თელავის ისტორიული სახე და განუმეორებელი კოლორიტი; როცა შენს თვალწინ იჭრება ასწლოვანი ხეები, რომელთაც სტიქიამაც კი ვერაფერი დააკლო, რათა მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს; როცა იცი, რომ ეს ყვაელაფერი ერთი თვითმარქვია არქიტექორის ასპარეზად არის გადაქცეული, არ შეიძლება არ მოგინდეს მისი შეჩერება“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ერთხელ ერთ-ერთ ხიდთან დაკავშირებით მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც შემდეგ „სააკაშვილმა ხელზე დაიხვია და მოაყოლა, რომ ივანიშვილი დამანგრეველი, თვითონ კი, აღმაშენებელია“.
ივანიშვილის განცხადებით, ის წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი შეეტანა, თუმცა, მისი გაკეთებული შემდეგ ხელისუფლებამ მიიწერა.
„ბოდიშს მოვიხდი, რომ ჩემს გაკეთებულზე ლაპარაკი მიწევს, მაგრამ პოლიტიკაში მოვედი და იძულებული გავხდი. ჩემმა თანაგუნდელებმა მირჩიეს და მომიწევს ბევრი გავიხსენო ჩემი გაკეთებულის შესახებ და შევახსენო ოპონენტებსაც. წლების განმავლობაში ვზრუნავდი, რომ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში მიმეღო მონაწილეობა და ამაში არაფერია განსაკუთრებული, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ და ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. რაც გამიკეთებია, ყველაფერი თვითონ მიიწერეს და ახლა გამოღმა მედავებიან, დამანგრეველი ხარო“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფელბის მიერ დანერგილ უსამართლობას, შიშსა და განუკითხაობას არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაანგრევს.
