ივანიშვილმა თელავში მიმდინარე აქციაზე კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ივანიშვილმა თელავში მიმდინარე აქციაზე კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
18:27 09.09.2012
თელავში მიმდინარე აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

მან გურჯაანში მანანა ბერიკაშვილი წარადგინა, საგარეჯოში - თინა ხიდაშელი, ლაგოდეხში - ლუკა კურტანიძე, სიღნაღში - გელა გელაშვილი, ყვარელში - დავით ქევხიშვილი, დედოფლისწაყაროში - ალექსანდრე თამაზაშვილი, ახმეტაში - ზვიად ზვიადაური და თელავში - გელა სამხარაული.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებზე ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ხელისუფლება ზოგჯერ წარმოადგენს ისეთ კანდიადტურას, რომელიც შესაძლოა, მისაღები იყოს; ზოგთან ნათესაური კავშირიც კი არსებობდეს, თუმცა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევანი პიროვნული დამოკიდებულებით არ უნდა გაკეთდეს.

„ვინც ამ ცრუ და მოძალადე ხელისუფლებას წარმოადგენს, ვერ იქნება თქვენი მეგობარი. არ შეგეშალოთ, არ დაექვემდებაროთ, არ წახვიდეთ პირადულზე, შეხედეთ მომავალს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის არჩევნებზე გამარჯვებას მაჟორიტარი კანდიდატებით აპირებს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ფულს ურიგებს რეგიონებში მათი ხმის მოსასყიდად.

„ფული აიღეთ, ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია, თუმცა, ნუ გაიყიდებით, ნუ დახურდავდებით და არჩევნებზე ღირსეული არჩევანი გააკეთეთ“ - მიმართა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს.




ბეჭდვა