კახა კუკავა და ჯემალ ვანაძე წალკის რაიონის სოფელ ტბეთის მოსახლეობას შეხვდნენ
კახა კუკავა და ჯემალ ვანაძე წალკის რაიონის სოფელ ტბეთის მოსახლეობას შეხვდნენ
17:22 09.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და პარტიის წალკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯემალ ვანაძე წალკის რაიონის სოფელ ტბეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, კახა კუკავამ ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება პარტიის პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაა.

კახა კუკავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ კუთხით „თავისუფალი საქართველო“ აქტიურად მუშაობს და პირველი შედეგები უკვე სახეზეა, რადგან რუსეთის მაღაზიებში ქართული უალკოჰოლო სასმელები უკვე იყიდება, ხოლო არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, წლის ბოლომდე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები, ჩაი, ციტრუსი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები დაბრუნდება.

პარტიის თავმჯდომარემ ყურადღება ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „თავისუფალი საქართველო“ ყველაფერს აკეთებს ძირითადი რეალური ოპოზიციური ძალების ერთიანობისთვის.

მოსახლეობას პარტიის წალკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯემალ ვანაძემაც მიმართა და გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.

ბეჭდვა