„ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი თბილისში „დინამოს სტადიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე მივიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, ავტობუსში ახალგაზრდებთან ერთად პარტიის ლიდერები და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.
„მემარჯვენეებმა“ შეხვედრა ბაზრობაზე მომუშავე წვრილ მეწარმეებთან გამართეს.
დავით გამყრელიძემ და ლევან კალანდაძემ მათ მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით „მემარჯვენეების“ პროგრამული ხედვა გააცნეს.
„წვრილი მეწარმე უდიდესი შრომის ფასად ოჯახებს ინახავს. მათ მიმართ ჩეკებით ტერორის პოლიტიკა კი არ უნდა მიმდინარეობდეს სახელისუფლო ორგანოების მხრიდან, არამედ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უნდა უწყობდეს მათ ბიზნესის გაფართოებასა და მეტი შემოსავლის მიღებაში. დღეს ისინი საკუთარ თავს ისაქმებენ და ხელშეწყობის შემთხვევაში, სხვასაც დაასაქმებენ. ასეთი პოლიტიკაა საჭირო სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არა დასაქმების სამინისტროს შექმნა“- განაცხადა გამყრელიძემ.
ახალგაზრდა „მემარჯვენეებმა“ ბაზრობის ტერიტორიაზე პარტიის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგეს.
