საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქართული დემოკრატიის დისკრედიტაციისთვის ასობით მილიონ დოლარს არ იშურებენ.
როგორც მიხიელ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისში გამართულ ყრილობაზე აღნიშნა, მსგავსი ძალების ერთადერთი მიზანი არჩევნების შედეგების არაღიარებაა.
მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, არ დაეთანხმონ საზოგადოების დემოკრატიულ ნებას და დესტრუქციის და ესკალაციის გზით არჩევნების შემდეგ სიტუაცია არიონ.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ხშირად ისმის შემაშფოთებული კითხვა იმის შესახებ, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ.
„არჩევნების შემდეგ ჩვენი ხალხი ქვეყნისგან მეტ სარგებელს მიიღებს. დაიწყება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა. ასევე, აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო და უამრავ ჩვენს მოქალაქეს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება“ - განაცხადა სააკაშვილმა და და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ 1000 ლარიანი ვაუჩერებიც დარიგდება.
მისივე თქმით, სიტუაციის არევის და საქართველოს წინსვლის შეჩერების უფლება არავის მიეცემა, რადგან არჩევნებში ხალხი წარსულის ნაცვლად, მომავალს და მონობის ნაცვლად, თავისუფლებას აირჩევს.
მისივე განცხადებით, ხალხი აირჩევს პარტიას, რომელსაც საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი.
პრეზიდენტის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინსვლის გასაგრძელებლად ერთადერთი არჩევანია.
