საქართველო დღეს უკეთესი ქვეყანაა, თუმცა, ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. მიზნის მისაღწევად კი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებში უნდა
დარჩეს - აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მმართველი პარტიის ყრილობის დასკვნით ღონისძიებაზე, სპორტის სასახლეში განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, თუმცა, აღარ არის სიბნელე, კორუფცია და დანაშაული. შეიცვალა დედაქალაქიც – ის სინათლისა და სისუფთავის ქალაქი გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უმუშევრობის დაძლევა იქნება.
„ადვილი სათქმელია, რომ დავამარცხეთ კორუფცია და კრიმინალი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი შრომა და თავდადება დგას“ –აღნიშნა მან და დასძინა, რომ ხელისუფლება მომავალში უმუშევრობას სწორედ ასე დაამარცხებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა ხალხმა წინ უნდა იაროს და უკან დაბრუნება არ დაუშვას, რადგან იქ „შევარდნაძის სიბნელე და ასლანის ფეოდალიზმია". როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" კრიტიკას ვერ მიიღებს იმ ადამიანებისგან, ვინც 10 წლის წინ ქვეყანას თავად მართავდა და ხალხის ხარჯზე ცხოვრობდა.
დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ეს ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ვალია, რომელიც 24–საათიანი მუშაობით უნდა გადაიხადოს.
