საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა რეგიონებში გამართული ყრილობები საქართველოს ისტორიაში ყველაზე
მასშტაბურ აქციად შეაფასა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ყრილობაზე განაცხადა, მან დღის განმავლობაში ათი მიტინგი ჩაატარა.
„ამიტომ ნუ დამზრახავთ ხმა ცოტა „დამჯდარი“ მაქვს. ჩემი ხმის ჩაგდებას ვერავინ ეღირსება, ჩემ სიტყვას ყოველთვის ვიტყვი. რეგიონებში ჩვენი პარტიის ასობით ათასი მხარდამჭერი გამოვიდა და ეს ყველაზე მასშტაბური აქცია იყო საქართველოს ისტორიაში. მე ამით ძალიან ვამაყობ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აშენდა ქუთაისის აეროპორტი, რათა სამტრედიის, ვანის, საირმის, წყალტუბოს კურორტები განვითარდეს.
„საზღვარგარეთ და მაგალითად, თურქეთში ძალიან ბევრი წყალტუბოელი შემხვედრია, რომლებიც იქ უცხოელებს ემსახურებიან. წყალტუბოს რესტავრაციას ვიწყებთ, ისეთი კურორტი თურქეთში კი არა, არსად მსოფლიოში არ იქნება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, თელავი დღეს ისე ვითარდება, როგორც არასდროს. წელს კი, ყურძენს უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე ოდესმე.
„ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა ისე აღორძინდეს, რომ არასდროს არავინ აღარ ნახოს გაჭირვება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლების მოპოვება მიულოცა.
