საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მტერმა რამდენიმე თვის წინ მთელი მობილიზაცია მოახდინა
და ქვეყანაში 2 მილიარდი აშშ დოლარი „შემოყარა“.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე აღნიშნა, საქართველოს მტერმა თავისი ბოლო ფალავანი შემოაგდო და ბოლო არგუმენტი გამოიყენა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში რაც მტერმა ომითა და პროვოკაციებით ვერ მოიპოვა, რაც ემბარგოთი ვერ მიაღწია, გადაწყვიტა არჩევნებზე მიეღწია.
„საქართველო ასეთი არ არის. ჩვენი ქვეყანა ზინზილაკებსა და დაპირებებზე, ფულის დაქნევებზე და დაშინებაზე არ იყიდება. საქართველომ აღმშენებლობას და თავისუფლებას გაუგო გემო და ჩვენ არასდროს არავის არ მივცემთ უფლებას ჩვენი მთავარი მონაპოვარი ჩამოგვართვას და უკან - მონობაში დაგვაბრუნოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ცალკეული ქართველებისა და უცხოელების მოსყიდვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში არც საქართველო გაიყიდება და არც დემოკრატიული სამყარო.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული სამყაროს არა მხოლოდ უბრალო ნაწილი გახდება, არამედ განსაკუთრებული მარგალიტი.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 1 ოქტომბერი იმ ძალების ბოლო გაბრძოლებაა, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა. ამ ძალებს კი, მისივე თქმით, სახელი და გვარები აქვს და კონკრეტული მიმდევრები ჰყავს.
„აქ გამოგიგზავნეს ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში - სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ ვიყავით მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით, მაგრამ იმ ხალხს არ მოსწონდა, იმიტომ რომ ყველამ იცის რაც არის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ხალხს დაპირებებით და მითუმეტეს რუსული ოცნებებით არ კვებავს, არამედ მხოლოდ იმით, რისი განხორციელებაც შეიძლება.
„რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ დეპუტატობის კანდიდატად მაინც და მაინც თქვენ „სექენდ ჰენდი“ გამოგიგზავნეს. „სექენდ ჰენდი“ არაფერში გჭირდება. აქ ცხოვრება სამარცხვინო კი აღარ არის, არამედ კომფორტულია. რუსთავში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე კარდ ინფრასტრუქტურას შევქმნით“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან აღმშენებლობა მიმდინარეობს.
