პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა
პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა
19:23 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი დღე ისტორიულად შეაფასა, რადგან „პასუხი გაეცა ტყუილების იმ   მორევს, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ასობით მილიონი დახარჯეს.“

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა, ასობით მილიონი იმისთვის დაიხარჯა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლებაზე უარი ეთქვა.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგეები ეტყობა ქართველებს და განსაკუთრებით კახელებს არ იცნობენ, რადგან მათ ბევრი ომი მოუგიათ და კიდევ ბევრს მოიგებენ.

„ჩვენი მტერი იმიტომ გაღიზიანდა, რომ წელში არ გავტყდით. ჩვენ უფრო მეტს ავაშენებთ - ეს მათ აგრესიაზე ჩვენი პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ დაგვბომბეს და შემოგვიტიეს, მაინც უფრო მეტს ავაშენებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის კახეთის ახალგაზრდობით ამაყობს, რადგან ისინი „დედიკოს ბიჭები“ კი არ არიან - ზოგიერთ უბანში ცხვირაწეულები რომ იზრდებიან და ყველას ზემოდან ქვემოთ რომ უყურებენ, არამედ მათ შრომა და ბრძოლა იციან.

მისივე თქმით, საქართველო ძლიერია, ის მხოლოდ წინ ივლის და ახალ სასწაულებს შექმნის.

ბეჭდვა