საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, კახეთი ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ისევე, როგორც 90-იან წლებში, საქართველოს პანკისობა და ლეკიანობა დაუპირეს, მაგრამ საზოგადოებამ ქართული სახელმწიფოს პასუხი ნახა.
„მინდა ვუთხრა ყველას - იმ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვინც ჩვენი ბიჭების დაღუპვის გამო, რომლებიც საქართველოს იცავდნენ, სინანული ერთი სიტყვითაც არ გამოხატა და დღემდე ტერორისტების დაღუპვის გამო მოთქვამენ, თქვენ საქართველოში ვერასდროს ვერ გაიმარჯვებთ იმიტომ, რომ თქვენ საქართველო არ გიყვართ“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში უფროს თაობას ახსოვს ის დრო, როდესაც მთავრობა მათ ყურძნის მთელ მოსავალს ართმევდა. ასევე ახსოვთ მუდმივი მიწერები, მუდმივი გაყალბება, რეგიონში ჩასული მაღალჩინოსნები, რომლებიც კახეთს, როგორც საქეიფო ადგილს ისე უყურებდნენ.
„ჩემთვის კახეთი საქეიფო ადგილი არაა, ეს ჩემი საყვარელი საქართველოს გული, სული და ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძია. ის აღმშენებლობა რასაც აქ ხედავთ მხოლოდ დასაწყისია“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რეგიონში ახტალის და ლაგოდეხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, კახეთის თითოეული რაიონისთვის მთავრობას ახალი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე კი, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ახმეტასა და თუშეთში.
„აყვავების გარეშე არცერთ კუთხე-კუნჭულს არ დავტოვებთ. ყველა ოჯახი იგრძნობს, რომ სიკეთე მათთანაც მივიდა. ეს ფასადები მარტო თავის მოსაწონებლად არ კეთდება“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რეგიონის აღმშენებლობა იმისთვის ხდება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთესად იცხოვროს.
