საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას დაესწრო და მოსახლეობას სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში აქამდე
ერთი-ორი დასათვალიერებელი ადგილი იყო. თბილისიდან ხალხს მცხეთაში გაიყვანდნენ და ბოლოს - მე-11 საუკუნეში აშენებულ ტაძარს შორიდან დაანახებდნენ.
პრეზიდენტის თქმით, თანდათან ახალი სანახავი ადგილები გაჩნდა.
„ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც „ვარდების რევოლუცია“ დაიწყო, სწორედ თელავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, არცერთ ეპოქაში საქართველოში ერთ პერიოდში არ აშენებულა იმდენი, რაც საქართველოში ბოლო წლებში კეთდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს თავს იმიტომ დაესხა, რომ მათ საქართველოს აღმშენებლობა აღიზიანებდათ, ამას კი საქართველომ უფრო მეტი აღმშენებლობით უპასუხა.
„მათ კახეთს ემბარგო მოუწყვეს, ისეთი რომ შაჰ-აბასის შემდეგ კახელებისთვის არავის არ მოუწყვია, როდესაც მან ვაზი გაჩეხა. ყურძენს ექნება ყველაზე მაღალი ფასი და ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისია. ეს ყველაფერი კახეთში მხოლოდ აყვავების დასაწყისია. ამ რეგიონს წალკოტად ვაქცევთ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ კახეთი მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გახდება.
პრეზიდენტის თქმით, თელავი იმდენად ახლოს გადმოვიდა თბილისთან, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თელავი თბილისის გარეუბანია.
„ძალიან მიყვარს თბილისი, მაგრამ თელავი ცალკე ქალაქია, თან ძალიან ამაყი ქალაქი. მათ, ვისაც სურთ საქართველო უკან დაატრიალოს, ამას ვერ მოახერხებენ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს ძალიან ბევრი დასანგრევი შენობა დაუგროვდათ, მაგრამ ქურდბაცაცების და ნგრევის დრო არასოდეს არ აღდგება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც კახეთს სტიქიის გამო გაუჭირდა, მთელი საქართველო დადგა ფეხზე.
