გიორგი თარგამაძემ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ სანიკიძე წარადგინა
გიორგი თარგამაძემ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ სანიკიძე წარადგინა
18:19 08.09.2012
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ სანიკიძე დაასახელეს.

კანდიდატი ტყიბულელებს პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წარუდგინა და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა - „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ წარუდგინა.

შეხვედრისას საუბარი ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას, დასაქმებისა და პენსიონერების პრობლემებს შეეხო.

თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში, ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში მომუშავე პირების საპენსიო ასაკი 50 წლამდე დაიწევს.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა პარტიის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა ბათუმში.

ანიკაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და ამ მიმართულებით პარტიის ხედვებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.

მან ყურადღება სადაზღვევო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა. ანიკაშვილის განცხადებით, დაზღვევის სფეროში ძალიან ბევრი სიახლეა დასანერგი.

„ქრისტიან-დემოკრატებს“ ჯანდაცვის სფეროში გვაქვს ორი მთავარი ამოცანა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული სტატუსი და სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, გაუუმჯობესდეთ პოლისები. მეორე პრინციპული საკითხია, რომ იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და არიან უმუშევარნი, არსებობდეს სახელმწიფო დახმარება სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით“ - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

ამომრჩეველთან შეხვედრებს „ქრისტიან-დემოკრატების“ სხვა წევრები საქართველოს დედაქალაქშიც აგრძელებენ.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კრწანისის ამომრჩეველს გორგასლის ქუჩაზე შეხვდა და კომუნალური გადასახადების გაიაფების პირობა მისცა.

შეხვედრა მელაანის ქუჩის მცხოვრებლებთან ქდმ-ს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვეფხვაძემაც გამართა. ვეფხვაძე მათ პრობლემებს გაეცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ბეჭდვა