საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სიყვარული ადამიანური ინსტინქტია, მაგრამ ვინც ქვეყანას
ომის დაწყებაში ადანაშაულებს მას საქართველო არ უყვარს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთან ომი თავად დაიწყო, რასაც ბევრი ქართველი არ ეთანხმება.
„ბევრი ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოს ბრალია, რუსეთთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ რაც გინდა ის გვიყავიო, მაგრამ ეს საქართველოს გზა არასდროს ყოფილა. რუსეთის ფეხის ხმას აყოლილი ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც ამბობდა, რომ 2008 წელს ყველაფერი დავკარგეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინწინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა - თუ ვინმეს ეგონა, რომ 2008 წლის რუსეთის საქართველოში შემოჭრით საქართველოს ნატო-ს კარი დაუკეტეს, ძალიან მწარედ ცდება.
პრეზიდენტის განცხადებით, მათი ოპონენტები 2008 წლის ომის დაწყების თემაზე მუდმივად ტყუიან.
„თუ შენ დასანგრევი შენობების გრძელი სია გაქვს, მათ შორის ქუთაისის პარლამენტის საკონცერტო დარბაზად გადაკეთება გინდა, შენ საქართველო არ გიყვარს. თუ შენ ისეთი ხალხი მოგყავს, რომლებმაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა და მას საარჩევნო სიაში სვამ, მაშინ საქართველო არ გიყვარს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ისევ ბევრი პრობლემები აქვს, ისევ ძალიან უჭირს, მაგრამ 1 ოქტომბერი საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა და მათი მფარველთა ბოლო გაფართხალება, ბოლო რუბიკონი, ბოლო მცდელობაა.
