საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოსთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
განცხადების თანახმად, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
"საქართველოსა და რუსეთს შორის სრულყოფილი დიალოგის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული საზღვრების აღიარება" - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ცალმხრივად მიიღო. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ დროს შეუძლია, რაზეც საქართველოს თანხმობა არ ესაჭიროება.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გვაჩვენოს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა" - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების მზადყოფნა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ბევრჯერ დააფიქსირა, რაც შესაძლებელს გახდიდა ემსჯელათ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ორი ქვეყნის ინტერესებს ყოფს.
"აღნიშნული საკითხების ნუსხაში შედის რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ასევე მის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის კამპანია - რომელმაც 400 ათასზე მეტი ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით დევნილ პირად აქცია და რუსეთის უარი - აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
