სააკაშვილი - ქართული მიწა ყველა ფულზე უფრო ძვირი ღირს
სააკაშვილი - ქართული მიწა ყველა ფულზე უფრო ძვირი ღირს
13:56 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, მტერმა დაინახოს, რომ საქართველო არ სულელდება და ტყუილ დაპირებებზე არ იცვლება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა, ქართველი ერი ძალიან ჭკვიანი ერია და ის არ იყიდება.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგეებმა ვინც არ უნდა გამოიგონონ და საქართველოში შემოაგდონ - ყველა დამარცხდება.

„რამდენი ფულიც არ უნდა მოიტანონ, ეს მიწა ყველა ფულზე უფრო ძვირი ღირს. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩვენი თავისუფლება გვიღირს. უკან ვერავინ დაგვაბრუნებს. ის მშენებლობები, რომელიც თბილისში, ბათუმში და ახლა უკვე ლაზიკაში დავიწყეთ, აუცილებლად დაგვირგვინდება სოხუმში, როგორც კოლხეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ როლანდ ახალაიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდელებს არაფრის არ უნდა შეეშინდეთ, რადგან ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავთ.

„მე მას იმ ასაკიდან ვიცნობ, როცა ჩემი შვილის ტოლი ვიყავი. ახალაია ბებიაჩემის მამის ასპირანტი იყო. კარგად მახსოვს, როლანდს უნიკალური თვისება ჰქონდა - აღშფოთებული იყო ყველანაირი უსამართლობით. მან ეს თვისება დღემდე შეინარჩუნა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება.

ბეჭდვა