დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა დღეს წინასაარჩევნო კამპანია სახელწოდებით - „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ დაიწყო.
ამის შესახებ, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გამართულ აქცია-ბრიფინგზე აღნიშნული ჯგუფის წევრმა გიორგი აფხაიძემ განაცხადა.
ახალგაზრდებმა აქციაზე პლაკატი წარმოადგინეს, რომელზეც მათი თქმით არჩევნების გამყალბებლები არიან გამოსახული.
„ ჩვენ დღეს მოვიტანეთ პლაკატები, სადაც არჩევნების გამყალბებლები არიან გამოსახული, ესენი არიან მმართველი გუნდის წევრები: ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ასევე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე და ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე“-განაცხადა აფხაიძემ.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ ტანდემთან, სადაც მოხდა გარიგება რომ „მემარჯვენეები“ 5-% -იან ბარიერს გადალახავენ და მინიმუმ ექვსი კაცით შევლენ პარლამენტში.
აფხაიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს და მმართველი პერტიის ბილბორდები და პლაკატები უალტერნატივოდაა წარმოდგენილი, მათ შორის ლიფტებში, სამარშრუტო ტაქსებსა და მეტროებში.
დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიებში 15 სექტემბრამდე დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, ისინი აღნიშნულ პირებს „გამყალბებლების“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიგელებით დააჯილდოვებენ.
