საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზები ქართველებთან თავად მივლენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზები და ოსები არაფერს არ ნიშნავენ და ყველაფერი ჩვენ გავაკეთებინეთო. 1994 წელს შევარდნაძემ მათ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოუწერა ხელი. დევნილები ენგურის ხიდთან იქეთა მხარეს გადაყვანის დაპირებით ყოველდღე მიყავდათ, მაგრამ უკან აბრუნებდნენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე აფხაზები გალის, გულრიფშის და ოჩამჩირის შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.
„მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო ჩვენ დამპყრობელს ოკუპანტად აღიარებს, ბევრი მაინც იმაზე საუბრობს - მოდით და ჩვენ თვითონ მოვუწეროთ ხელი რაზეც უნდათო. ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას ვაშენებთ. ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზებთან, არამედ აფხაზები მოვლენ ჩვენთან - ჩვენს განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანაში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ქართველები აფხაზებთან მივლენ, მივლენ მონებად. „მაშინ თავზე ნაცარი უნდა დავიყაროთ და ვუთხრათ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანას ისეთივე დღე დაადგება, როგორიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო.
