საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აღარასდროს დაუშვებს, რომ სამეგრელოს ვინმემ თითი დააკაროს.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრეზიდენტი სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზერვი საქართველოში ყველგან იქმნება.
მისი თქმით, რეზერვში ყველაზე მეტი - 99% სამეგრელოსა და ქართლში ჩაეწერა, თუმცა ასევე მაღალი მაჩვენებელია იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში და ყველა სხვა რეგიონში.
„რაღა მაინც და მაინც სამეგრელო გამოყვეს. რატომ დაიწყეს საუბარი, რომ რეზერვი, რომელიც ყველგან იქმნება, სამეგრელოში საიდუმლო გასამხედროებული ფორმირებაა? იმიტომ, რომ ეს ზუტად ის ხალხია, ვინც 1992 წელს იმ საბაბით, რომ აქ შეიარაღებული ფორმირებები იყო, სამეგრელოში შემოვიდნენ და ერთი ოჯახიც არ დაუტოვებიათ. ყველგან შევიდნენ და ადგილობრივების შექმნილი დოვლათი გაიტანეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სამეგრელოში ნელ-ნელა დოვლათი ისევ დაგროვდა და ახლა ვიღაც-ვიღაცეებს ხელები ექავებათ, „რომ იქ გაისეირნონ“.
„მე არასოდეს აღარ დავუშვებ, რომ ვინმემ აქაურობას თითი დააკაროს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დღეს 11 ქალაქში გაიმართება, რომლებსაც პრეზიდენტის გარდა, პრემიერ მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეც დაესწრებიან.
