საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გახსნა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, მოსახლეობა გაჭირვებულია, ხოლო საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული, „ამიტომ მტერმა ჩათვალა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ხელსაყრელი მომენტი დადგა.“
„მტერს ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, როცა ქართველებს სხვანაირად უნდა მივუდგეთ, რაც ვერ მოვახერხეთ ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგოთი, პროვოკაციებით, აფეთქებებით, შემოჭრით, ახლა უნდა გავაკეთოთო, მაგრამ როცა ყველაფერი ჩაუვარდათ, იფიქრეს იქნებ ქართველი ხალხი დაიღალა და ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი. იქნებ ტკბილი სიტყვით და მოსყიდვით დავითრიოთ ეს ულამაზესი ქვეყანა. ნურას უკაცრავად!“-განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო თავის ღირებულებებს არ უღალატებს.
