სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მონაწილე 167 სახელმწიფოს წარმომადგენლიდან 133-მა საქართველოს მიერ წარდგენილი
კანდიდატის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინე ვარძელაშვილის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობას მხარი დაუჭირა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ვარძელაშვილი კომიტეტის წევრი 2013-2016 წლებში იქნება.
კომიტეტი ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში აღიარებული 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მისი ამოცანა წევრ სახელმწიფოთა მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების ზედამხედველობაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატმა კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. 2013-2016 წლებში კომიტეტის ახალი წევრები ასევე, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ალჟირის, ეგვიპტის, არგენტინის, მავრიკისა და კოსტა რიკის წარმომადგენლები იქნებიან.
პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ქვეყანაში პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის შესახებ კომიტეტს ანგარიშებს რეგულარულად წარუდგენენ. ასევე, მოქალაქეებს მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, კომიტეტში საჩივრის შეტანა შეუძლიათ.
