საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა და იმ ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
როგორც ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის შეღავათიანი სესხების პროგრამას აამოქმედებს, რომლის საშუალებითაც სოფლის მცხოვრებლები შეძლებენ აღნიშნული სესხით ისარგებლონ და სოფლის მეურნეობა ფეხზე დააყენონ.
ივანიშვილის თქმით, 0-დან 3%-მდე სესხი გრძელვადიანი იქნება, რათა სოფლის მოსახლეობას მეურნეობის განვითარებაში ხელი არ შეეშალოს.
მანვე, ჯანდაცვის სისტემაში თავის მიერ გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 700 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა ჩადებული.
ივანიშვილის თქმით, მას ხელისუფლებაზე მეტი აქვს გაკეთებული განათლების სექტორშიც. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ მისი ფინანსებითაა აშენებული 40 სკოლა, შეძენილია 100 000 მერხი და პროექტი "ირმის ნახტომიც" სწორედ მისი დაფინანსებულია.
