საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს კასპის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო
პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლაში ივანიშვილმა აქცენტები ამერიკელ სენატორებთან და საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩ რიჩარდ ნორლანდთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი შეხვედრა სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გამართა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ ებღაუჭება იმ მოსაზრებას, თითქოს ამერიკელები აქცენტს მასზე აკეთებენ და მისი არჩევა უნდათ.
„სააკაშვილი და სენატორი ჯონ მაკკეინი ოდესღაც მართლაც მეგობრობდნენ, მაგრამ გუშინდელი შეხვედრით, ამ ყველაფერს ხაზი გადაესვა. რა თქმა უნდა, ამერიკელები არ იტყვიან იმას, რომ ისინი მესამე მხარეს წარმოადგენენ და პრინციპულ პოზიციას ყოველთვის გამოხატავენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, გუშინ დამტკიცდა, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი ელჩი ჩამოვიდა და მათთან გამართული შეხვედრა ძალიან ნიშანდობლივი იყო.
„ყველას აქვს განწყობა, რომ საქართველოში როგორმე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ამომრჩევლის ხმას დაიცავს, რადგან ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში.
