აშშ-ს უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში 10-12 სექტემბერს ჩამოვა
აშშ-ს უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში 10-12 სექტემბერს ჩამოვა
18:54 07.09.2012
საქართველოს საპარლამენტო არჩვენების წინ არსებული ვითარების შეფასების მიზნით, 10-12 სექტემბერს თბილისში აშშ-ს უწყებათშორისი დელეგაცია ჩამოვა.

როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, დელეგაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში ტომას მელია უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგად ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები მთელ რიგ შეხვედრებს გამართავენ, რომლის დროსაც დელეგაცია საქართველოს მთავრობას სთხოვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ აღასრულოს, ასევე, სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ და კანონი დაიცვან.

ბეჭდვა