მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს, აშშ-ში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გახანგრძლივებულ
რეჟიმში იმუშავებენ, რათა მოქალაქეებმა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ.
ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალის“ ფარგლებში, ჟურნალისტებს აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
„არ ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის უფლება შევუზღუდოთ. ჩვენი სამუშაო დღე გახანგრძლივდება, იმისთვის, რომ ყველამ მოახერხოს ხმის მიცემა“ - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებული არიან იმის შესახებ, თუ რა პროცედურებია საჭირო რეგისტრაციისთვის.
იაკობაშვილის განცხადებით, ამერიკაში ორი საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. ელჩმა აღნიშნა, რომ ასევე კარგი იქნებოდა საარჩევნო უბნის ლოს-ანჯელესში გახსნა, სადაც ქართველები იმყოფებიან, თუმცა, ამ ეტაპზე არ ხერხდება, რადგან იქ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს.
რაც შეეხება რეგისტრაციისთვის საჭირო, საცხოვრებელი ადგილიდან ცნობას, როგორც თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა, ამერიკაში ეს ძალიან მარტივად მოსაპოვებელი ცნობაა, რადგან პირის საცხოვრებელი მისამართი მართვის მოწმობაზეც კი მითითებულია.
