საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას ლიგის საარჩევნო მიზნების მქონე პირის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ამომრჩეველთა ლიგის“ ლიდერმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება პოლიტიზებულია და გამოწვეულია იმით, რომ ლიგამ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ერთ მილიონიანი ცდომილება დაადგინა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, არათანაბარ და უსამართლო საარჩევნო გარემოში ჩაატაროს არჩევნები და ამ გზით შეინარჩუნოს მონოპოლია ძალაუფლებაზე.
გუნცაძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების აბსურდულობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ ცესკომ ადგილობრივი სადამკვირვებლო სტატუსი მიანიჭა.
„ეს ნიშნავს - სახელმწიფო ერთი ხელით ცესკო-ს მეშვეობით ამბობს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და გვაქვს უფლება დავაკვირდეთ არჩევნებს, ხოლო მეორე ხელით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით ამბობს, რომ ვართ საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაცია და გათანაბრებული პოლიტიკურ პარტიებთან“ - განაცხადა გუნცაძემ.
მისივე თქმით, „ამომრჩეველთა ლიგას“ აქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება საარჩევნო სიებში და რას აპირებს ხელისუფლება.
გუნცაძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მიზნით ცდილობენ, რომ ორგანიზაცია 1 ოქტომბერს არჩევნებს ჩამოაცილონ.
როგორც გუნცაძემ განაცხადა, მიუხედავად ამისა, „ამომრჩეველთა ლიგა“ იპოვის გზებს და თავისი 2 ათასზე მეტი წევრით, საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, „ამომრჩეველთა ლიგას“ 26-ე პრიმა მუხლით საარჩევნო მიზნების მქონე და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი გუშინ მიანიჭა და იგი მონიტორინგის სუბიექტად სცნო.
