პარტია „ქართული დასის“ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გიორგი ბაშარული მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში
მონაწილეობისთვის საკონსულოები დამატებით ბარიერებს უქმნიან.
ამის შესახებ გიორგი ბაშარულმა ცესკოს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დახურული შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზღვარგარეთ არჩვენებში მონაწილეობისთვის ქართველებს საკონსულო აღრიცხვისთვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობას სთხოვენ.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ადამიანი თავის მოქალაქეობას ვერ დაადასტურებს. ისინი არ უნდა იყვნენ ვალდებული, რომ საცხოვრებელი ადგილის ცნობა წარადგინონ და მათ არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ“ - განაცხადა ბაშარულმა.
აქვე მან დასძინა, რომ ბევრი ქართველი უცხოეთში არალეგალურად იმყოფება, საკონსულო აღრიცხვა კი, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე თემას, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების წესს შეეხება, ბაშარულის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კანონმდებლობით ძირთადად ყველაფერია გაწერილი, თუმცა, სასურველია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დამატებითი რეკომენდაციები ჩამოაყალიბოს.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ცესკო-ს, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წამრომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც საზღვარგარეთ ხმის მიცემისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების წესზე მიდის მსჯელობა.
