ივანიშვილი - ჩვენს ხელისუფლებაში ვერც ერთი ჩინოვნიკი საშუალო მოქალაქეზე კარგად ვერ იცხოვრებს
ივანიშვილი - ჩვენს ხელისუფლებაში ვერც ერთი ჩინოვნიკი საშუალო მოქალაქეზე კარგად ვერ იცხოვრებს
13:02 07.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო ჩინოვნიკები განსაკუთრებული პრივილეგიებით არ ისარგებლებენ.

ამის შესახებ ივანიშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, მოსახლეობა შიშს ნელ-ნელა სძლევს.

მან ქარელის რაიონის მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, სოფლის მეურნეობა აქაც განადგურებულია.

„საქართველოს ყველა კუთხეს ძალიან უჭირს. ვიცი რა გაჭირვებაა აქ. ვიცი, რომ დაგიხურეს ბაზარი, სადაც მოსავლის გატანა შეგეძლოთ და დღეს ხილი ადგილზე გილპებათ. ვიცი, რა დღეში არიან დევნილები. ერთადერთ ტბას, რომელიც მთელ მოსახლეობას უნდა გამოეყენებინა, დეპუტატი ფლობს. ასევე, ვიცი, რომ საუკეთესო მიწები უცხოელებზე გაიცა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ გახდეთ უცხოები საკუთარ სამშობლოსა და მხარეში“-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, ეს ვითარება შეიცვლება.

მილიარდერმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს და ჩინოვნიკების ნებივრობას დაასრულებს.

„ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იქნება იმ განცხრომაში, როგორშიც დღეს არის. ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოქალაქეზე უკეთესად. მას უდიდესი დატვირთვა და ვალდებულება ექნება. აღარ მოხდება ისე, როგორც დღეს ხდება - თუ ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, ბედნიერია და აუცილებლად სხვაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს. გპირდებით, ეს დასრულდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის ნამდვილ სახალხო ხელისუფლებას შექმნის, ხოლო ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საზოგადოების აქტიური წევრი იქნება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის იბრძოლებს.

ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. მისივე თქმით, რეგიონები ცენტრზე მინიმალურად იქნებიან დამოკიდებული და ფინანსების განკარგვის საკითხს არა ადგილობრივი ჩინოვნიკები, არამედ კანონი გადაწყვეტს.

როგორც მან აღნიშნა, შეიქმნება კანონი, რომლის თანახმად, დეპუტატს, რომელიც მანდატს ვერ გაამართლებს და დაპირებებს ვერ შეასრულებს, ხალხი არჩევნებამდე უკან გაიწვევს.

მისი თქმით, პოლიცია არა „ერთი დაუბალანსებელი კაცის“, არამედ, ხალხის სამსახურში ჩადგება და მან სამართალდამცავებს კანონის დარღვევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ივანიშვილმა საჯარო მოხელეების მისამართით აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, სამსახურის დატოვება ყველას მოუწევს. მისი თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს საშუალება ექნებათ სამსახური შეინარჩუნონ და ამასთან, უფრო მაღალი ანაზღაურებით.



ბეჭდვა