სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა
16:42 03.03.2012
პარლამენტის შენობასთან დღეს "სანთლების აქცია" გაიმართა, რომლის  მონაწილეებმა ხელისუფლებისგან ხაშურის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის სამართლიანად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა პოლიციის სათამაშო მანქანაც დაწვეს. მათი აზრით, პოლიციის მანქანის დაწვა სიმბოლოა იმისა, რომ საქართველოს პოლიცია მოვალეობას ვერ ასრულებს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას არ იცავს.
ახალგაზრდა აქტივისტების ერთი ჯგუფი ხვალ, 07:00 საათზე თბილისის რკინიგზის სადგურთან შეიკრიბება, საიდანაც ხაშურში გაემგზავრებიან და პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
სოლომონ ქიმერიძე 28 თებერვალს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, იგი ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბინის ქურდობის საქმეზე ბრალდებულის სახით იკითხებოდა. დაკითხვის დროს ის ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩასვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.

ბეჭდვა