აკაკი მინაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია რუსეთის რიტორიკას სრულად შეესაბამება
აკაკი მინაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია რუსეთის რიტორიკას სრულად შეესაბამება
12:21 07.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს აფასებს.

როგორც დღეს პარტიის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რასმუსენის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო და მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო თავდაუზოგავი შრომით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უფრო დაუახლოვდა, ასევე, ჩაიშალა რუსეთის გეგმა აგრესიის მეშვეობით ხელი შეეშალა საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამაფრთხილებელი გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ასეთი მხარდაჭერა აქვს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოზიცია სრულად შეესაბამება რუსეთის რიტორიკას“ - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ ბარიკადების ერთ მხარეს განვითარებული, წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი სახლემწიფო დგას, მეორე მხარეს - წარუმატებელი, ჩამორჩენილი, კორუფციის ჭაობში ჩაფლული რუსეთის ფედერაცია და „ქართული ოცნება“.

მან მაგალითად გუბაზ სანიკიძე მოიყვანა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეხუთე ნომრის განცხადებით, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მიზანი ნატოა, ის მოღალატეა.

„ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეექვსე ნომერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ნატო-სკენ სწრაფვამ დაღუპა ჩვენი ქვეყანა, ნატო ზღაპარია და თუ ჩვენ ალიანსში შევალთ, მხოლოდ რუსეთის მერე“ - განაცხადა მინაშვილმა.

ბეჭდვა