ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოში სტიქიით დაზარალებულებს კომპენსაცია შერჩევით ურიგდებათ
ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოში სტიქიით დაზარალებულებს კომპენსაცია შერჩევით ურიგდებათ
11:33 07.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში თინა ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფლის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება კომპენსაციას შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ურიგებს.

როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზარალის ანაზღაურება პოლიტიკური ნიშნით ხდება - ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს ზარალს სრულად, 1 500 ლარით უნაზღაურებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ ზარალის დათვლა არაადეკვატურად ხდება და ხალხის რეალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო რაიონის ოთხ სოფელში ადგილობრივებმა კომპენსაცია საერთოდ ვერ მიღეს.

ხიდაშელი აცხადებს, რომ კაკაბეთის, ყანდაურას, დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობას ხელისუფლებამ კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მათი მოსავალი „წინა სტიქიის დროს დაზიანდა“.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ზარალის შეფასებისა და კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმი უნდა იყოს არა ის, რომელ თვესა და რიცხვში მოხდა სტიქია, არამედ ის, რამდენად შეუძლია გლეხს მოსავლის მიღება. ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ კახეთის დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი 80 მლნ ლარი ყველა ადგილობრივისთვის იყო გამიზნული. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი მზადაა, დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებითი თანხები გამოყოს.

ხიდაშელი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ყველა გლეხი ზარალის შესაბამის კომპენსაციას სრულად მიიღებს.

ბეჭდვა