კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და ლობისტური კომპანიების
ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ყველასთვის ხელმწისაწვდომია.
როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავს კომპანიებთან ურთიერთობის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „ბანკ ქართუზე“ შეტევა განახორციელა.
ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა სწორედ მაშინ დაიქირავა ერთ-ერთი უცხოური კომპანია, თუმცა, ის „ბანკ ქართუს“ არა ლობისტურ, არამედ საადვოკატო მომსახურებას უწევდა.
რაც შეეხება ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილ თანხებს, ხიდაშელის განმარტებით, ის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, მისთვის ცნობილია, რომ თანხა შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ გაცილებით საინტერესოა ხელისუფლებისა და ლობისტური კომპანიების ურთიერთობის თემა, ვინაიდან, ამ ტიპის ყველა ხელშეკრულებას ხელს უშიშროების საბჭოს მდივანი აწერს. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებისთვის ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.
ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებისთვის „თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს“, როდესაც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯისთვის კეთდება.
მისი განმარტებით, სინამდვილეში აღნიშნული ქმედებები მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.
გარდა ამისა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს ყველა საელჩო, აშშ-დან ევროპამდე, მხოლოდ ერთი კაცის პიარით არის დაკავებული.
ხიდაშელის განცხადებით, ბრიუსელში მისთვის ხელმისაწვდომი გახდა წერილი, რომელსაც საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ევროპარლამენტარებს უგზავნიდა და რომელიც „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის კრიტიკით იყო სავსე.
მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს მათ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოთხოვეს.
