ნატოს-გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს
დედაქალაქში ვიდეო მიმართვა გააკეთა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ანდერს ფოგ რასმუსენი მიმართვაში კავკასიაში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და საქართველოს ნატო-სთან მჭიდრო კავშირისთვის მადლობას უხდის.
„თბილისში სომხეთიდან ჩამოვედი და აქედან აზერბაიჯანში მივემგზავრები. რეგიონში იმიტომ ვმოგზაურობ, რომ სამხრეთ კავკასია ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნატო-ს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს“ - აცხადებს რასმუსენი.
მისი თქმით, ალიანსი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში უსაფრთხოების სტაბილურობით, ეკონომიკური აღმავლობით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებითაა დაინტერესებული.
„აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს, მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ხდება. რასმუსენის შეფასებით, საქართველო თანამრომლობის თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანაა.
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში გუშინ ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ასევე, სიტყვით გამოვიდა ქართველი ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე - ამბასადორიალზე.
