„ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის ვიდეო შეხვედრა გაიმართა
„ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის ვიდეო შეხვედრა გაიმართა
16:53 25.05.2020
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის zoom-ის მეშვეობით ვიდეო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020-2030 წლებისთვის“ დოკუმენტის პროექტს გაეცნენ.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის სახელით ლელა ბაქრაძემ მიმართეს.

დოკუმენტის პროექტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ გაეროს სააგენტოების (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ასევე კომიტეტთან შექმნილი „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ აქტიური ხელშეწყობით.

კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის) ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე 1400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული გამოკითხვა, რომლის შედეგები გათვალისწინებულია კონცეფციაში. ამასთან ერთად, დოკუმენტში ასახულია, ახალგაზრდული სააგენტოს, სამოქალაქო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.

უახლოეს დღეებში ახალგაზრდული კონცეფციის პროექტი საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საკუთარი შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა.

„საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020-2030 წლებისთვის“ დოკუმენტის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად ივნისის თვეში იგეგმება.

ბეჭდვა