ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი თბილისში ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსისთვის საჭირო და საიმედო პარტნიორი ქვეყანაა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ამბასადორიალზე ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ეს ვიზიტი ასევე ადასტურებს იმას, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს შეუფასებელი წვლილი შეაქვს. სხვა შემთხვევაში, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თავყრილობაზე სიტყვით არ გამოვიდოდა.
ამასთან, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რასმუსენის საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და რეფორმების მხარდაჭერას ნიშნავს.
ანდერს ფოგ რასმუსენი ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს სომხეთიდან ეწვია, თბილისიდან კი, ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.
