ლიბერმანი - ჩვენ მხარს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ დემოკრატიულ არჩევნებს ვუჭერთ
ლიბერმანი - ჩვენ მხარს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ დემოკრატიულ არჩევნებს ვუჭერთ
18:56 06.09.2012
ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი მიიჩნევს, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში დიდ წარმატებას მიაღწია.

ამის შესახებ ლიბერმანმა დღეს ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარმატების მიუხედავად, ეს არ არის საბოლოო წერტილი, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სურვილი უფრო მეტი თავისუფლება და კეთილდღეობაა.

„სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მხარს რომელიმე კონკრეტულ პარტიას და ძალას არ ვუჭერთ. ჩვენ მხარს დემოკრატიულ არჩევნებს ვუჭერთ და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის აგრესიას ვგმობთ“ - განაცხადა ლიბერმანმა.

მისი თქმით, ამერიკა იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის თავდაცვის იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს და საკუთარი ხალხი და ქვეყანა დაიცვას.

„მხარს ვუჭერთ სამართლიან არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწიოს. რუსეთი ხშირად არასწორი პოლიტიკით გამოირჩევა. ასადის წინააღმდეგ სანქციებს ვეტოს ადებს მაშინ, როდესაც ის საკუთარ ხალხს ხოცავს. რუსეთი საქართველოს აშინებს და არ უნდა, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს“ - განაცხადა ლიბერმანმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გაანადგურა, თუმცა, სენატორი დარწმუნებულია, რომ რომ არაბული გაზაფხული რუსეთშიც მივა.




ბეჭდვა