საქართველო ძალიან მოკლევადიან ისტორიულ პერსპექტივაში ნატო-ს წევრი გახდება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ
ჟურნალისტებს ამბასადორიალზე ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ვაშაძის თქმით, რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ს გაწევრობასთან დაკავშირებით, ჩიკაგოს სამიტზეც დადასტურდა, დანარჩენი კი, საქართველოს რეფორმებისა და ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, რასმუსენმა ამბასადორიალზე აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში შეუფასებელია.
ამასთანავე, რასმუსენმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა - კერძოდ ის, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ვალდებულებაცაა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ამბასადორიალი უკომენტაროდ დატოვა. იგი დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი შეხვედრა იმ ქართულ ბატალიონთანაც იგეგმება, რომელიც ავღანეთის მისიისთვის ემზადება.
