ჯონ მაკკეინი - საქართველოში მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს
ჯონ მაკკეინი - საქართველოში მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს
18:27 06.09.2012
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც მაკკეინმა დღეს ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობა.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

„საქართველომ დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც კორუფცია, ქვეყნის არასწორი მართვა და სიღარიბე დაამარცხა. ამერიკა და კონგრესი რომელიმე პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოშია მიღწეული. ასევე, დადებითად ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებას ავღანეთში“ - განაცხადა მაკკეინმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეუთო დააკვირდება, შესაბამისად, ამერიკა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობა.

მაკკეინის განცხადებით, სენატორები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის პრინციპები გაუმჯობესებულია, რადგან აღნიშნულ შეხვედრებზე ყველა პარტია ერთმანეთის მინუსებზე საუბრობდა.

ბეჭდვა