ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს დემოკრატიისთვის ბრწყინვალე ტესტი იქნება.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს და ამ პროცესებში თავის როლს შეასრულებს.
„არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობით შეასრულებს თავის როლს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით“-განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა, ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოდის.
