რასმუსენი - საქართველოს მიერ გაწეულმა მნიშვნელოვანმა სამუშაომ იგი ნატო-ს წევრობასთან დააახლოვა
რასმუსენი - საქართველოს მიერ გაწეულმა მნიშვნელოვანმა სამუშაომ იგი ნატო-ს წევრობასთან დააახლოვა
17:24 06.09.2012
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის,  რომლებიც რეფორმებზე მუშაობენ.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-ს წევრობა სურს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კი, ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მისი წევრი გახდება, ჩიკაგოს მაისის სამიტზე კი ნათლად განაცხადა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგულია.

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს. ნატოს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრაციის კუთხით“ - განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ საქართველო რეფორმის გზაზე მკაცრად დგას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია.

მისი შეფასებით, გაწეულმა მნიშვნელოვანმა სამუშაომ საქართველო ნატო-ს წევრობასთან უფრო დააახლოვა.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ჩაებას ყველა იმ პროცესში, რაც სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ურყევია.

ბეჭდვა