"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ დედის დღე ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლით აღნიშნა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით - "ირინა ენუქიძე არის გმირი ქართველი დედა, რომელმაც ღიად გამოთქვა პროტესტი იმ უსამართლობაზე, რაც ამ ხელისუფლების პერიოდში საქართველოში დაიწყო და შეეწირა იმ უსამართლობის ჯალათურ სისტემას, რაც ამ რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში დანერგა."
ირინა ენუქიძის საფლავზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად ლუბა ელიაშვილი, თინა ხიდაშელი და ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი იყვნენ მისულები. მათ საფლავზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
ირინა ენუქიძე 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.
ის 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა იყო.
