„ქართული ოცნება“ ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართვას უგზავნის
„ქართული ოცნება“ ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართვას უგზავნის
17:13 06.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  სპეციალურ მიმართვას უგზავნის და მოუწოდებს მათ, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცენ.

„ოქტომბრის არჩევნები სამომავლოდ არა მხოლოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების განმსაზღვრელი იქნება, არამედ, შესაძლოა დიდ ნაბიჯად იქცეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენ, კარგად იცით ამ საკითხის მნიშვნელობა. არაფერს ვიტყვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძალადობრივ ბუნებაზე, რაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, პროფესიონალური მოვალეობის გარდა არსებობს უფრო მეტი, უფრო ღირებული და ამას პრინციპული მიდგომა და ალბათ ერთგვარი გმირობაც სჭირდება“ - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ დიპლომატებმა უნდა გააკეთონ თავისუფალი არჩევანი და უნდა უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა.

მიმართვის ავტორთა თქმით, სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება პრაქტიკულად უკვე შეუზღუდა.
„სწორედ ამიტომ მოგმართავთ, კარგად გაიაზროთ არსებული ვითარება და ისედაც დამახინჯებულ საარჩევნო გარემოში ნუ იქცევით ხელისუფლების ხელში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრმა იარაღად“ - ნათქვამია მიმართვაში.

ბლოკი მოუწოდებს ადრესატებს, საშუალება მისცენ ემიგრანტებს შეუფერხებლად გაიარონ რეგისტრაცია საარჩევნო სიებში და გააკეთონ არჩევანი, მით უმეტეს, რომ ეს უფლება კანონმდებლობით არის გარანტირებული.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი დიპლომატიური მისიებიდან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს დამატებითი უბნების გახსნა. ამისთვის, მათ კოლექტიური განცხადებით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიუხედავად მათი თხოვნისა, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ცესკო საკუთარი მოქალაქეების თხოვნას არ ითვალისწინებენ.

„დემოკრატიულ სამყაროში იცვლებიან პრეზიდენტები და მთავრობები, მაგრამ არსად, არასდროს დიპლომატიური სამსახური ცალკეული მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად არ გვევლინება. ის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს“- ნათქვამია მიმართვაში.



ბეჭდვა