ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაახლოებით ერთი წლის წინ უმასპინძლა, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ინტენსივობა კი, მათ მჭიდრო ურთიერთობებზე მიანიშნებს.
„საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია. ის არის მიზნებისადმი ერთგულების მოდელი. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებთ ავღანეთის მისიაში. ამ შემოდგომაზე საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი გახდება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა“ - განაცხადა რასმუსენმა.
მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ალიანსის მისიის ფარგლებში იჩენს.
რასმუსენი თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა, ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. დღესვე, ნატო-ს გენერალური მდივანი იმ ბატალიონს შეხვდება, რომელიც ავღანეთის მისიისთვის ემზადება.
