რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით - "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ავტომატურად, რუსეთის ქმედების შედეგად გაწყდა. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოს სევერენულ სახელმწიფოდ აღიარება შეწყვიტა. რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო რუსეთის ქმედება და შესაბამისად, მისი აღდგენაც რუსეთის ხელშია."
რაც შეეხება მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის თქმით საქართველო რუსეთთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.
"ჩვენ უვიზო მიმოსვლის შემოღებით საქართველოს მოქალაქე ასობით ათას დევნილს გავუადვილებთ სამშობლოში მიმოსვლას. გარდა ამისა, ეს გაკეთდება ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში მოგზაურობით, ინვესტირებით, ახლობლების ნახვით. ეს ჩვენი მხრიდან იქნება საზოგადოების გახსნილობის, სიმტკიცის და უსაფრთხოების გამოხატულების მკვეთრი, ნათელი დადასტურება"- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს დიალოგი ურთიერთობის სრულმასშტაბიან დარეგულირებაში, რომელიც საქართველოს დეოკუპაციას დაეფუძნება.
