„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.
კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია დღეს იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომელთაც მასთან შეხვედრის სურვილი თავად, ტელეფონის სპეციალური ნომრის საშუალებით დააფიქსირეს.
ზაზა გაბუნიამ მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამა გააცნო და ყურადღება ავარიული სახლების პრობლემებზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, სამართლიანი ტარიფების დაწესებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე გაამახვილა.
ქდმ-ს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ სარჯვლაძემ კი, საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა.
სარჯველაძის განცხადებით, ის სამართლიანობის დასამკვიდრებლად იბრძოლებს და ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომელიც გამოხატულია ფორმულაში - შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება და პენსიონერებს დაფასება.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია კი, გლდანულაში თამრიკო ნამგალაურის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ოჯახი 10 000 ქულით არის შეფასებული და მიუხედავად გამგეობისადმი არა ერთი მიმართვისა, კვლავ უსახლკაროდ რჩება. გრიგოლია ნამგალაურებს პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულოში შუამდგომლობას დაპირდა.
