ბაღათურია - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ 11 თეთრი იქნება
ბაღათურია - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ 11 თეთრი იქნება
13:56 06.09.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პარტიის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, პარტია დღეიდან სოციალური პროგრამების პრეზენტაციის ციკლს იწყებს. მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებული პროგრამა პირველია.

„ქართული დასი“ ცდილობს, რომ 1 ოქტომბრამდე გაზის ფასმა 23 თეთრამდე დაიწიოს და მოსახლეობამ ქვითრები უკვე შეცვლილი ტარიფით მიიღოს“ - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საზღვრამდე მოტანა 460 აშშ დოლარი ღირს, რის გამოც გაზის ტარიფი 51 თეთრია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს, როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 17,7 თეთრს იხდის, რასაც დასუფთავების გადასახადი - 0,5 თეთრი ემატება და საერთო ჯამში 22,7 თეთრი გამოდის.

„ქართული დასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, ელექტროენერგიის ტარიფი 10-12 თეთრი იქნება. რაც შეეხება წყლის საფასურს, ყველა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი მოქალაქე წყალში 1,75 ლარს გადაიხდის“ - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ დანარჩენი აბონენტებისთვის წყლის ტარიფი 30%-ით შემცირდება.

მისი თქმით, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩევლის საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუას გადაწყვეტილებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვიდრე წყლის ტარიფი დარეგულირდება, სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე, ყველა მოქალაქე განახევრებულ ფასს გადაიხდის.

„ქართული დასის“ სოციალურ პროექტში დევნილთა საკითხიც შევიდა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, 8 თვეში დასრულდება დევნილთა ახალი პროექტი.

„შეიქმნება დევნილთა დახმარების ფონდი, რომელიც 8 თვეში ყველა დევნილს საცხოვრებელ ბინებს შეუსყიდის. იმ ბინებსა და კერძო სახლებს შევუსყიდით, სადაც დევნილები ამჟამად ცხოვრობენ“ - აღნიშნა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, მომავალ კვირას პარტია განათლების, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმის პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს „ქართული დასიდან“ იყრიან. შესაბამისად, „ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტნიორები არიან.

ბეჭდვა